ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „იბერიამ“ და ტერენს კონგოლომ კონტრაქტი შეწყვიტეს.
„მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, რის გამოც მისი მონაწილეობა ევროთასებზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მისი დამატების მთავარი მიზანი სწორედ გუნდის გაძლიერება იყო ევროასპარეზობისთვის, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და თანამშრომლობა შეწყვიტეს. კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტერენს კონგოლო "იბერიამდე" ბოლოს „ბრედას“ ღირსებას იცავდა, იქამდე ვენის „რაპიდის“ და „ლე ავრის“.
კონგოლომ კარიერის საუკეთესო პერიოდი 2011-2017 წლებში როტერდამის „ფეიენოორდში“ გაატარა, რომლის რიგებში თითოჯერ მოიგო ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი. შემდეგ „მონაკოში“ გადავიდა, საიდანაც უკვე პრემიერლიგაში მოსინჯა ძალები - ჯერ „ჰადერსფილდში“ და შემდეგ „ფულჰემში“. მოკლედ, უმაღლესი დონის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები.
ნიდერლანდების ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე განაცხადში იყო და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.





