საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სერიის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტამბოლის „გალათასარაისთან“ დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თურქულმა კლუბმა საბოლოოდ 64:62 მოიგო.
შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1) და ყველაფერს მესამე მატჩი გადაწყვეტს.







