ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ქართველი ფეხბურთელების დუელი შედგა: „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპულს“ აჯობა, ხვიჩა კვარაცხელიამ - გიორგი მამარდაშვილს.
ორივემ შეუცვლელად ითამაშა და თავიანთ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ. თუმცა, კვარამ გაუტანა მამარდაშვილს და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.
პსჟ-მ „ლივერპულს“ მაგრად აჯობა, რომ არა მამარდაშვილი და პარიზელთა უზუსტობები, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა, ვიდრე არის.
ლუის ენრიკეს გუნდი სწრაფად დაწინაურდა, მე-7 წუთზე დეზირე დუემ ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილი ვერ შესწვდა ბურთს, რომელმაც რიკოშეტის შემდეგ ტრაექტორია შეიცვალა. პსჟ-მ სწრაფი გოლის შემდეგ გააგრძელა აქტიურობა და 32-ე წუთზე სტუმრები გიორგიმ იხსნა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას სახიფათო და რთული დარტყმა უკუაგდო. ცოტა ხანში მან უსმან დემბელესაც აჯობა, მერე კი დეზირე დუეს სულაც პირისპირ არ გაატანინა. მოკლედ, პირველი ტაიმი „ლივერპულმა“ მხოლოდ 0:1 რომ წააგო, გადაუჭარბებლად მამარდაშვილის დამსახურებაა.
თუმცა, არნე სლოტის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და სახიფათო მომენტი მთელი თამაშის განმავლობაში ვერ შექმნა. ინგლისელთა დაცვაში აბსოლუტური ქაოსი იყო. დემბელემ მეორე რეალური შანსი ვერ გამოიყენა და კარგი პოზიციიდან კარს ააცილა.
სამაგიეროდ, არ შეცდა კვარაცხელია. 65-ე წუთზე ჟოაო ნევეშის დიდებული პასით ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში აღმოჩნდა, რომელმაც არა მარტო მცველები, არამედ მამარდაშვილიც მოატყუა და 2:0.
პსჟ აგრძელდება ზეწოლას, უფრო დიდი უპირატესობით ჩასვლა სურდა „ენფილდ როუდზე“, რაც არ გამოუვიდა, რადგან მამარდაშვილმა კიდევ ერთი შესანიშნავი სეივი მიითვალა, მერე კი სტუმრები ძელმა გადაარჩინა. საბოლოოდ, პსჟ-მ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, რაც ნამდვილად კარგი ჰანდიკაპია საპასუხო თამაშის წინ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ კვარაცხელია დაასახელა, რომლის შესახებ საიტზე წერია: "შესანიშნავი მეორე ტაიმი ფანტასტიკური გოლით დაასრულა. ცბიერმა გარემარბმა რამდენიმე შანსი შექმნა და ასევე, დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 8 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.
ქართველმა მეკარემ 4 სეივით დაასრულა თამაში და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 6, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.
საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ლივერპული“ 2:0 (1:0)
პარიზი, „პარკ დე პრენსი“
„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; დუე (ლი 77), დემბელე (ლუკა ერნანდესი 87), კვარაცხელია
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
„ლივერპული“ (4-2-3-1): მამარდაშვილი; გომესი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი (რობერტსონი 78); გრავენბერხი, მაკალისტერი; ვირტცი (გაკპო 78), სობოსლაი (ჯონსი (78), ფრიმპონგი; ეკიტიკე (ისაკი 78)
მწვრთნელი: არნე სლოტი
გოლები: 1:0 დუე (7), 2:0 კვარაცხელია (65)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 3 (0) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)







