ფეხბურთი

10:20 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელია ყველა ტურნირზე ერთნაირი ფეხბურთელია, მას დიდი გამოცდილება აქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

არის თუ არა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებული ფეხბურთელი - ლუის ენრიკემ თქვა:

იგივეა. იგივე გუნდია ტურნირების მიუხედავად. ის ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს. ნორმალურია, რომ ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები არიან უდიდეს ტურნირზე. კმაყოფილები ვართ ამ მენტალიტეტით და იმით, თუ როგორ დავიცვით თავი ლივერპულის წინააღმდეგ. დავიმსახურეთ კიდევ ერთი გოლის გატანა“.

თამაშის შესახებ ესპანელმა თქვა: „ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ ძალიან მაღალი დონის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. შეჩვეულები ვართ ჩვენს წინააღმდეგ განსხვავებულ ტაქტიკას, რაც მათ შემთხვევაშიც ასე იყო. დავიმსახურეთ ეს შედეგი. სამწუხაროა, რადგან მეორე ტაიმში შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა. მომთმენები და მშვიდად ვიყავით. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორი განსხვავებული გულშემატკივრები გვყავს.

ორ გუნდს შორის დონეზე განსხვავება არ არის. უბრალოდ ძალიან მაღალი დონის მატჩი ვითამაშეთ. „ენფილდზე“ თამაში ძალიან რთული იქნება. იქ ტანჯვა მოგვიწევს. მაგრამ იქ, როგორც ყველგან, გამარჯვებისა და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის წავალთ. ჩვენს მენტალიტეტს ვერაფერი შეცვლის. არ ვცდილობთ შედეგის დაცვას. იქ 3000 პარიზელი გულშემატკივარი იქნება. მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით.

ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდები, მაგრამ მოტივირებულები ვართ. ისტორიის წერის გაგრძელება გვსურს. უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა ვიპოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, როგორ ვუტევთ და ვიცავთ.“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 8 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.

საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087341