ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი „იუვენტუსში“ გადასვლაზე დათანხმდა, წერს La Gazzetta dello Sport.
გამოცემის ცნობით, ტურინული კლუბის კონტაქტები მეკარის წარმომადგენლებთან დადებითად დასრულდა. იტალიური გუნდი წარმატებულ გარიგებას იმედოვნებს, რადგან ხელმძღვანელობა „იუვენტუსის“ ამჟამინდელი მეკარის, მიკელე დი გრეგორიოს შეცვლას გეგმავს. გარდა ამისა, ალისონი გუნდს მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
„იუვენტუსი“ ასევე აკვირდება „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ბერნარდუ სილვას და „ბარსელონას“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გარშემო არსებულ სიტუაციას, რომელთა კონტრაქტებიც ამ ზაფხულს იწურება. ტრანსფერების ბაზარზე აქტიური მუშაობა, სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის ხელახალი კონტრაქტის შემდეგ დაიწყება.
ამ სეზონში ალისონ ბეკერმა კლუბის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 34 მატჩი ჩაატარა, 36 ბურთი გაუშვა და 13-ში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ ალისონი „ლივერპულში“ ჩვენი გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტია.





