სხვა

16:42 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

OKTAGON 86: ამირან გოგოლაძე დიდი დაბრუნებისთვის ემზადება - ქართველის მეტოქე ყოფილი ჩემპიონია

ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე დიდი დაბრუნებისთვის ემზადება. სნაიპერი 11 აპრილს, OKTAGON 86-ზე, ყოფილი ჩემპიონი - იონ სურდუს წინააღმდეგ იბრძოლებს. ღონისძიება პოლონეთში ჩატარდება და სულ 11 ბრძოლა შედგება. ქართულ-მოლდოვური დაპირისპირება კი მთავარი ქარდის ერთ-ერთი ბრძოლა იქნება.

28 წლის ქართველი საშუალო წონით კატეგორიაში გამოდის, მას კარიერაში 17 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. ამ ეტაპზე გოგოლაძე შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მის ტიტულზე პრეტენზიას კიდევ უფრო ამყარებს. აღსანიშნავია, რომ მოლდოველ მებრძოლთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციაში სატიტულო შანსი მიეცემა.

გოგოლაძესა და სურდუს შორის დაპირისპირება წარსულშიც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ბრძოლა გაუქმდა. მოლდოველის ანგარიშზე 13 პირველი რაუნდის დასრულებაა, ხოლო ქართველი ცნობილია სწრაფი ფინიშებით - მისი რვა გამარჯვება 100 წამზე ნაკლებ დროშია მოპოვებული.

ამირანმა ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა - მისი ბოლო ოფიციალური წონა 170.2 ფუნტი იყო.

ქართველის ბოლო ბრძოლა 2024 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მან ბრაზილიელი ლეანდრო სილვა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მანამდე კი ლუკაშ სივეცთან და ლიამ ეტებართან დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა.

რეიტინგში გოგოლაძე ევროპის მასშტაბით 154-ე პოზიციაზეა, ხოლო თავის წონაში 39 ადგილს იკავებს. აღმოსავლეთ ევროპაში მისი პოზიცია კიდევ უფრო მაღალია -19-ე საშუალო წონაში.

აღსანიშნავია, რომ ამირანს 2025 წლის 28 დეკემბერს ბრაზილიელ კაიკ ბრიტოსთან უნდა ებრძოლა, თუმცა ეს შეხვედრაც ჩაიშალა.

11 აპრილი ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღე იქნება - ამირან გოგოლაძეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შანსი აქვს, კიდევ ერთი გამარჯვებით ევროპის MMA-ის ელიტაში დაიმკვიდროს ადგილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163929