The Telegraph-ის ცნობით, „ლივერპულის“ მფლობელებს, Fenway Sports Group-ს, მომავალ სეზონში არნე სლოტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შენარჩუნება სურთ.
გუნდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გულშემატკივრებში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია, თუმცა წყაროს ცნობით, გულშემატკივრების მოლოდინები მწვრთნელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ ემთხვევა კლუბის ამერიკელი მფლობელებისა და ბრიტანელი დირექტორების, მაიკლ ედვარდსის და რიჩარდ ჰიუზის გეგმებს.
აღნიშნულია, რომ „ლივერპულის“ მენეჯმენტი ცუდ შედეგებს რამდენიმე ფაქტორს მიაწერს: დიოგო ჟოტას გარდაცვალებას, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა გუნდის ემოციურ მდგომარეობაზე, მოჰამედ სალაჰის ფორმის მკვეთრ ვარდნას და გუნდის მნიშვნელოვან რეფორმას, რაც დროს მოითხოვს.
სლოტის კონტრაქტი „წითლებთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გადაწყვეტილების ახლავე მიღების ნაცვლად, ხელმძღვანელობა აპირებს ნიდერლანდელის მუშაობის შეფასებას 2026/27 წლების სეზონის დასაწყისში. თუ ცვლილებები მოხდება, სლოტის შემცვლელის მთავარი კანდიდატი „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსოა, რომელიც ამ სეზონში მადრიდის „რეალმა“ გაათავისუფლა.
სლოტმა „ლივერპული“ 2024 წლის ზაფხულში, იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ ჩაიბარა და პრემიერლიგა პირველივე სეზონში მოიგო.
ამჟამად 31 მატჩიდან 49 ქულით „ლივერპული“ 2025/26 წლების პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მანამდე გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ (0:4) წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში პსჟ-სთან (0:2) დამარცხდა.





