საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, 2026 წლის ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში, შოტლანდიას მეორე ტაიმი მოუგო, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 19:33.
ეს იყო ჩვენი გუნდის მესამე და დასკვნითი მატჩი ექვსი ერის ფესტივალზე, სადაც ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა ელიტური რაგბი ბოლომდე შეიგრძნეს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნემსაძის შეგირდებმა საფრანგეთის ქალაქ ვიშში სამივე შეხვედრა დათმეს (საფრანგეთთან 22:49, ინგლისთან 31:35, შოტლანდიასთან 19:33), მათ შეიძინეს ის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც როგორს ინდივიდუალრად, ასევე გუნდური წარმატებისთვის სამომავლოდ გამოადგებათ.
შოტლანდიას 18-წლამდელთა ფესტივალზე პირველად ჩვენთვის სადებიუტო მატჩში, 2024 წელს შევხვდით და მაშის მეტოქეს 8 ქულით (14:22) ჩამოვრჩით. ამჯერად, ინგლისთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, წარმატების იმედი გვქონდა და დებიუტიც იმედისმომცემი იყო, თუმცა პირველი გამარჯვება კვლავაც ვერ მოვიპოვეთ.
საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო, კარის წინ მოპოვებული ჯარიმა აუტში გადაიტანა, დერეფნის მოგების შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა კარგად შეუტია, რაქიდან ბურთი სანდრო გამყრელიძემ სწრაფად აიტაცა და ლელოთი ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. ლუკა ჭაკუამ გარდასახა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ ჯარიმებს მოვუხშირეთ და ბურთზე ფლობა დავკარგეთ, რამაც საბოლოო ჯამში მეტოქეს ინიციატივა გადაულოცა.
შედეგად, დასკვნით 15 წუთში დაცვა მოგვერღვა და შოტლანდიამ 4 ლელოს გატანა მოახერხა, რითაც სოლიდური, 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა 26:7.
მეორე ტაიმში საქართველო დომინირებდა. 20-წუთიანი განუწყვეტელი შეტევების შემდეგ, შოტლანდიას ჯარიმები მოუმრავლდა და 55-ე წუთზე სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩა, იქვე დერეფნის შემდეგ მორკინალებით შევუტიეთ, მეტოქე დაცვაში ვეღარ გადაეწყო და მიხეილ მგალობლიშვილმა რაქიდან სწრაფად შეტევის შემდეგ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
მაგრამ სიჩქარეში დაშვებული შეცდომის შემდეგ მეტოქემ გარდასახული ლელოთივე გვიპასუხა და სტატუსქვო აღადგინა. ორ წუთში საბა გოგრიჭიანმა მოლის შემდეგ შოტლანდია ერთხელაც დაალელოვა და ტაიმი მოგვაგებინა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 19:33.
2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი
III რაუნდი. 11 აპრილი.
საფრანგეთი. ვიში
საქართველო - შოტლანდია 19:33 (7:26)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ბართლომე ხამაშურიძე, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. ნიკოლოზ ხარებავა, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. ნიკოლოზ ლაგვილავა, 24. გოგა ბერიძე, 25. გიორგი კუპრეიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
RUGBY.GE







