„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა New York Times-ს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა.
დე ლაურენტისმა ილაპარაკა ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვაზე, ასევე ფეხბურთში წესების შეცვლის აუცილებლობაზე და სხვა თემებზეც. მაგალითად, თქვა, რომ აგენტები ვამპირები არიან, რომლებიც ფეხბურთიდან ფულს იწოვენ:
„როდესაც გუნდში კონტე მოვიდა, პსჟ-სგან და სხვა კლუბებისგან 200 მილიონი ევროს შეთავაზება მივიღეთ, რომ ოსიმენი და კვარაცხელია ერთად გაგვეყიდა. კონტემ გვითხრა, რომ შეგვეძლო ოსიმენის გაყიდვა, მაგრამ გთხოვთ, არ გაყიდოთ კვარა. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან შემდეგ დიდი პრობლემები შემექმნა კვარას აგენტთან. მას შეეძლო კონტრაქტის შეწყვეტა ფიფას რეგულაციების 17-ე მუხლის თანახმად, 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფეხბურთელს კონტრაქტის სამი წლის შემდეგ შეუძლია პრაქტიკულად უფასოდ წავიდეს. რადგან ფეხბურთელს და მის აგენტს გუნდის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდათ, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მისი გაყიდვა. კონტე უკმაყოფილო იყო. ვცდილობ, ეს წესები შევცვალო, რადგან თუ ინვესტიციას განახორციელებ, არავინ უნდა დაგაშანტაჟოს. ამერიკულ კინოსამყაროში აგენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია რეალური წარმატება მოუტანოს რეჟისორს, სცენარისტს ან მსახიობს. ფეხბურთში კი აგენტები ვამპირების ხროვაა, რომლებიც ყველგან ფულს იწოვენ.
გულშემატკივრები ჩემი კლიენტები არიან, ამიტომ მათთვის ვმუშაობ. მათი აზრი ყოველთვის უნდა გავითვალისწინო. თუმცა, პრეზიდენტის რანგში, ყოველთვის ბალანსი უნდა შევინარჩუნო. ვამბობ: მე ვარ პრეზიდენტი და თქვენ გულშემატკივრები. მიყვარხართ, მაგრამ მე ვარ მფლობელი და მე ვარ პასუხისმგებელი. გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთელები გუნდზე არიან მიჯაჭვულები, მაგრამ ისინი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. ჰამშიკი გამონაკლისია, ის კაპიტანი იყო და ჩვენთან ბოლომდე დარჩა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა.
ტაიმის ხანგრძლივობას 45 წუთიდან 25 წუთამდე შევამცირებდი და დროის ფუჭად კარგვას შეწყვეტდი. უბრალოდ მიწაზე ჯდომა და მსახიობივით შოუს დადგმა არ შეიძლება. ახალგაზრდა თაობას არ აქვს მოთმინება, რომ ტელევიზორში ნელი ტემპის თამაშს უყუროს. თუ ტელევიზორში თამაშს უყურებ, განსაკუთრებით თუ ის ცუდია... რას აკეთებენ ბავშვები? ისინი თიშავენ მას და PlayStation-ზე FIFA-ს თამაშობენ, როგორც ჩემი ძმისშვილი აკეთებს. ძალიან ცოტა გოლი გადის! ეს სანახაობა არ არის. მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მეტი გოლის გასატანად კი წესები უნდა შევცვალოთ. მაგალითად, გოლი რამდენიმე მილიმეტრით თამაშგარის არ შეიძლება გაუქმდეს... თამაშგარე მდგომარეობის წესი უნდა შეიცვალოს.
ანტონიო კონტე ძალიან სერიოზული ადამიანია. მას ჩემთან კონტრაქტი აქვს. ის არასდროს მიმატოვებს ბოლო წუთს, რადგან ეს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნიდა „ნაპოლის“. ძალიან ძლიერი „ნაპოლის“ აშენების შემდეგ, კლუბიც მისი ქმნილებაა. ამიტომ, ის თავის ქმნილებას მოკლავდა თუ ბოლო წუთს მიატოვებდა. ის მეტყოდა: „მინდა წასვლა“. აპრილსა და მაისში მექნებოდა დრო, რომ შემცვლელი მეპოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, კონტემ ოდესმე მიატოვოს „ნაპოლი“ ბოლო მომენტში. ის სერიოზული და პროფესიონალი ადამიანია. მწვრთნელი რომ ვიყო, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას სანამ დავთანხმდებოდი, თუნდაც არ ვიცოდე ვინ არის ფედერაციის პრეზიდენტი, ორჯერ დავფიქრდებოდი", - თქვა დე ლაურენტისმა.





