„პარი სენ-ჟერმენმა“ ერთი კვირის წინ პარიზში დაწყებული საქმე „ენფილდზე“ დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ლუის ენრიკეს გუნდი აგრძელებს შარშან მოგებული ტიტულის დასაცავად ბრძოლას და უკვე მიზანთან ახლოსაა. პსჟ-მ „ლივერპულთან“ მნიშვნელოვანი უპირატესობა შინ მოიპოვა, როცა 2:0 მოიგო, ინგლისში, საპასუხო შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ არც იმდენად, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩენილიყო.
ფრანგულმა გუნდმა თავი კარგად დაიცვა, როცა ამის საჭიროება ჰქონდა, ხოლო ბოძებული შანსი გამოიყენა. არნე სლოტის გუნდმა მეორე ტაიმში ზეწოლა გაზარდა, ცდილობდა პსჟ-ს ზღუდეების გარღვევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
პირიქით - პსჟ-მ გაიტანა. 72-ე წუთზე უსმან დემბელემ საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი მამარდაშვილს აუღებელი დაურტყა და ყველაფერი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივშია. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ისევ ითამაშა, ორივემ შეუცვლელად.
პსჟ-მ კომპენსირებულ დროში დემორალიზებულ „ლივერპულს“ მეორეც გაუტანა. საგოლე შეტევა კვარამ დაიწყო, ბრედლი ბარკოლამ გააგრძელა და დემბელემ დაასრულა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მამარდაშვილმა 2 სეივი მიითვალა და გოლებში მისი დადანაშაულება რთულია.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.
გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 7, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.
„პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალშია, სადაც მიუნხენის „ბაიერნს“ ან მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, „ლივერპული“ კი გამოეთიშა ასპარეზობას და პრემიერლიგის ამარა დარჩა, სადაც ერთადერთი მიზანი აქვს - ხუთეულში მოხვედრა, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები 28-29 აპრილსა და 5-6 მაისს გაიმართება.
„ლივერპული“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:4
გოლები: 0:1 დემბელე (72), 0:2 დემბელე (90)







