„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, „პარი სენ-ჟერმენთან“ საკუთარ მოედანზეც 0:2 წააგო.
გიორგი მამარდაშვილის კარში გოლები უსმან დემბელემ გაიტანა, თუმცა ქართველის დადანაშაულება ძალიან ძნელია. მედიაში გიორგის თამაშს ასე გამოეხმაურნენ:
Liverpool.com – 7 ქულა: „პირველ შეხვედრაში კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა. ქართველს ამჯერადაც ყურადღებით ყოფნა სჭირდებოდა. დიდ სცენაზე თავდაჯერებულად და სუფთად გამოიყურებოდა, გოლებში კი ვერფერს მოახერხებდა“.
Liverpool Echo – 6 ქულა: „პირველ ტაიმში შორი მანძილიდან დემბელეს დარტყმა მოიგერია. შესვენების შემდეგ კი ბურთის კარიდან გამოტანის გარდა, სხვა არაფერი გაუკეთებია“.
Daily Express - 6 ქულა: „შესაძლოა, უფრო დატვირთულ საღამოს ველოდით, იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის ტალანტებია პსჟ-ს შეტევაში. სამაგიეროდ, პარიზელებს ბევრი მომენტი არ ჰქონიათ. დემბელეს გოლში უშანსოდ იყო“.
This is anfield - 6 ქულა: „ყურადღებით და ხელებით კარგად თამაშობდა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კარგად იღებდა, გადამწყვეტი იყო ჩაწოდებებზეც. დემბელეს დარტყმის მომენტში ბურთი ბოლოს დაინახა, მაგრამ ალბათ, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 7, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.







