"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ ფრანგული მედიისგან დადებითი გამოხმაურება აქვს.
ხვიჩა საგოლე პასით გამოირჩა, მაგრამ რაც მთავარია, გუნდს დაცვით ფაზაში შესანიშნავად დაეხმარა და მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა.
Eurosport 6 ქულა: „გოლი ვერ გაიტანა, „ლივერპულს“ პრობლემებიც ვერ შეუქმნა. თუმცა, მისი თამაში სხვაგან გადაწყდა: ბრძოლაში, დუელებში, დაცვით მუშაობაში. ის ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ არასდროს ერიდება „შავი სამუშაოს“ შესრულებას. ის იდეალურად განასახიერებს ლუის ენრიკეს მოთხოვნებს. მეორე გოლში პასით მან საბოლოოდ დატოვა თავისი კვალი თამაშში“.
Foot Mercato 7 ქულა: „პირველ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა და „წითლებს“ ისევ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ზუსტი და თავდაჯერებული დრიბლინგით მუდმივად ემუქრებოდა მეტოქის დაცვას, რომელსაც მისი შეკავება უჭირდა. მას თამაშის გასახსნელად დამატებითი „რაღაც“ აკლდა, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო: „ლივერპულის“ მუდმივი ზეწოლის პერიოდში ის დაუღალავად მუშაობდა უკან, ხარვეზების შესამცირებლად. საბოლოოდ, ქართველი დაჯილდოვდა, რადგან გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზელთა ორივე გოლში, ჯერ საგოლე პასით, შემდეგ კი პრეასისტით“.
Maxifoot – 6 ქულა: „შესანიშნავად ითამაშა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა, რომელიც კვლავ მუდმივი საფრთხე იყო. ინტენსიური სირბილით ქართველი ფეხბურთელი დაუღალავად მუშაობდა, რათა დაცვაში თანაგუნდელებს დახმარებოდა და შეტევაში შანსები შეექმნა. მეტოქის საჯარიმოში საფრთხეს ქმნიდა და იდეალურ პოზიციაში იყო, დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და მეორე საგოლე შეტევაც დაიწყო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.







