ფეხბურთი

1:03 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის შეცდომები "რეალს" არ ეყო: "ბაიერნი" ქამბექით ნახევარფინალშია

ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ისევ დაუვიწყარი, დრამატული და ისეთი გამოდგა, საფეხბურთო ისტორიის წიგნში რომ შეიტანენ.

„ბაიერნმა“ „რეალთან“ მადრიდში მოპოვებული უპირატესობა მიუნხენში მძიმედ, მაგრამ შეინარჩუნა.

შეხვედრა „სამეფო კლუბის“ უსწრაფესი გოლით დაიწყო: წინა მატჩის გმირმა მანუელ ნოიერმა უხეში შეცდომა დაუშვა და 35-ე წამზე არდა გიულერმა გაიტანა. ეს იყო „რეალის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი.

„ბაიერნი“ დიდხანს არ ჩამორჩენილა, რადგან 5 წუთში ალექსანდერ პავლოვიჩმა ანდრეი ლუნინის შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა. პირველ ტაიმში ზოგადად დიდებული თამაში იყო, უმაღლესი დონის ფეხბურთი. თუმცა, 29-ე წუთზე ნოიერმა კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფულად - ამჯერად არდა გიულერის ჯარიმას ვერ გაუმკლავდა - გერმანელმა მეკარემ უცნაურად იმოქმედა - 1:2. „რეკორდმაისტერმა“ ისევ სწრაფად გაათანაბრა ჰარი კეინის გოლით, მაგრამ ტაიმი მაინც „რეალმა“ მოიგო - კილიან მბაპემაც გაიტანა (2:3).

მეორე ტაიმის სტარტზე მბაპეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და ნოიერმა „ბაიერნი“ იხსნა. ალვარო არბელოას გუნდს საქმე დამატებით დრომდე მიჰყავდა, მაგრამ ედუარდო კამავინგა თამაშის ანტიგმირი გამოდგა. ფრანგი შეცვლაზე შევიდა და 24 წუთში ორჯერ მოახერხა მსაჯისთვის ყვითელი ბარათის დასტყუება, შესაბამისად, გააძევეს.

კაცნაკლულმა „რეალმა“ ვერ გაძლო. 89-ე წუთზე ლუის დიასმა ძალიან ლამაზი გოლით გაათანაბრა და ეს გარდამტეხი გოლი იყო - „რეალს“ მეოთხედ წინ გასვლა უბრალოდ აღარ შეეძლო. უფრო მეტიც, კომპენსირებულ დროში მაიკლ ოლისემ გაიტანა შესანიშნავი გოლი და „ბაიერნმა“ 4:3 მოიგო, ორი მატჩის ჯამში - 6:4.

„ბაიერნი“ ნახევარფინალშია, სადაც „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება. პირველი მატჩი 28 აპრილს, პარიზში შედგება, საპასუხო 6 მაისს - მიუნხენში.

„რეალისთვის“ სეზონი პრაქტიკულად დასრულდა - ლა ლიგა შემორჩა, სადაც „ბარსელონას“ 9 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, „რეალის“ სასტარტოში არცერთი ესპანელი იყო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

„ბაიერნი“ – „რეალი“ 4:3 (2:3) - ორი მატჩის ჯამში - 6:4

გოლები: 0:1 არდა (1), 1:1 პავლოვიჩი (6), 1:2 არდა (29), 2:2 კეინი (38), 2:3 მბაპე (42), 3:3 ლუის დიასი (89), 4:3 ოლისე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169951