თბილისში, დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.
60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილმა გერმანელი მაქსიმილიან ჰეიდერი, ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი დაამარცხა, ხოლო ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს შეხვდა, რომელთანაც სუფთად წააგო და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ვერცხლს დასჯერდა.
დღესვე, 66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ხორვატ დანი კლაჩართან პირველივე წრეში მოულოდნელად დამარცხდა. ქალთა შორის, 48 კგ წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ფრანგ შირინ ბუკლისთან დამარცხდა, ხოლო ნინო თათრიშვილმა უნგრელ როზა გიერტიასთან განიცადა მარცხი.







