ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია.
ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ბოლონია“ გაანადგურა. უნაი ემერის გუნდმა ერთი კვირის წინ სტუმრად 3:1 მოიგო და პრაქტიკულად მაშინ გადაწყვიტა ყველაფერი. ბოლონიაში დაწყებული საქმე კი „ვილა პარკზე“ დაასრულა.
პირველ ტაიმში ოლი უოტკინსმა, ემილიანო ბუენდიამ და მორგან როჯერსმა გაიტანეს, ხოლო მატჩის მიწურულს ეზრი კონსამ მეოთხედ დაამწუხრა სტუმრები - 4:0 და ორი შეხვედრის ჯამში 7:1.
ნახევარფინალშია კიდევ ერთი ინგლისური გუნდი - „ნოტინგემ ფორესტი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „პორტუ“ 1:0 დაამარცხა. მერვე წუთზე პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რასაც მალევე მორგან გიბს-ვაითის გოლი მოჰყვა. „ფორესტმა“ ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე დაიცვა, მატჩი 1:0 მოიგო, ორი შეხვედრის ჯამში 2:1 გაიმარჯვა.
ნახევარფინალში გავიდა „ბრაგაც“, რომელმაც სევილიის „ბეტისს“ აჯობა. პირველი მატჩი პორტუგალიაში 1:1 დასრულდა, სევილიაში კი მასპინძლები 26-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ... მალევე „ბეტისმა“ მესამე გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო ეს გოლი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, „ბრაგამ“ რთული მდგომარეობიდან დააქამბექა და დარჩენილ დროში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. საბოლოოდ, „ბრაგამ“ 0:2-დან 4:2 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 5:3 და მომდევნო ეტაპზეა.
ევროპა ლიგის ნახევარფინალები 30 აპრილს და 7 მაისს გაიმართება - „ასტონ ვილა“ „ნოტინგემს“, „ბრაგა“ კი „ფრაიბურგს“ შეხვდება.







