პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ ჯონ ობი მიკელის ბოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის ფიგუმ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ის და კრიშტიანუ რონალდუ ერთად თამაშობდნენ.
ევრო 2004 წელს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მოგიწია თამაში, რას იტყვი ამ გამოცდილებაზე?
„მე ვთამაშობდი რონალდუსთან? არა, ის თამაშობდა ჩემთან და ეს სრულიად განსხვავებული რამაა. 2004 წლის ტურნირი მისი პირველი დიდი მონაწილეობა იყო, მაგრამ უკვე მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ის საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან სწრაფი იყო, ფლობდა მაღალ ტექნიკას, შეეძლო ორივე ფეხით თამაში და ასევე გამოირჩეოდა შესანიშნავი ნახტომით.
იმ დროს ის ჯერ კიდევ სწავლობდა და ჩვენთან ერთად თამაშობდა, მაგრამ უკვე ნათელი იყო, რომ ის დიდი ვარსკვლავი იქნებოდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან მიაღწია იქამდე, სადაც დღეს არის.
ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ნებისმიერი არაპოზიტიური კომენტარი შურის გამოხატულებაა, მაგრამ ეს ასე არ არის. მე დიდი აღფრთოვანება მაქვს რონალდუს მიმართ, რადგან ის მაგალითია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.
რონალდომ პორტუგალიის სახელი მსოფლიო მასშტაბით გაიტანა თავისი რეკორდული მაჩვენებლებით, კონკურენტული სულისკვეთებით და მუდმივი გამარჯვებისა და განვითარების სურვილით", - განაცხადა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატი საბერძნეთის ნაკრებმა მოიგო, მათ ფინალურ დაპირისპირებაში სწორედ პორტუგალიის ნაკრებს აჯობეს. რონალდუმ ევროპის ჩემპიონატზე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.







