The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტაინმა ისაუბრა „არსენალში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შანსზე.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ეს შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, არა მარტო „არსენალისთვის“, არამედ სხვა კლუბებისთვისაც, რადგან კვარაცხელია პსჟ-ში ბედნიერია და კლუბშიც მისი თამაშით კმაყოფილი არიან:
„ხვიჩა კვარაცხელია ყველას უყვარს, მაგრამ მე აბსოლუტურად ველოდები, რომ ის პსჟ-ში დარჩება. კვარაცხელია იქ ძალიან ბედნიერი ჩანს და ისინიც, რა თქმა უნდა, მისით ძალიან ბედნიერები არიან. არამგონია, რომ ამ ეტაპზე „არსენალს“ ან სხვა ვინმეს შანსი ჰქონდეს“, - თქვა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში „არსენალს“ უკავშირებენ, რომელსაც ზაფხულში გარემარბის დამატება სურს და მიკელ არტეტას ქართველი ძალიან მოსწონს.
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.





