ფეხბურთი

19:15 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილს ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს, ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

როგორც მან თქვა, გარდა იმისა, რომ ზურიკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ყველაზე მეტად მისი მენტალიტეტი მოსწონს:

„ის ძალიან კარგი თავდამსხმელია, მრავალფეროვანი, შესანიშნავი დარტყმა აქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს. ის ყოველთვის ჩართულია ყველა შეტევაში, ასევე დაცვაშიც. გვჭირდება ნიჭიერი მოთამაშეები, მაგრამ ასევე ყველასგან შესანიშნავი მენტალიტეტი. ის განსაზღვრავს ტემპს, ყოველთვის სამაგალითო და უნაკლოა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ აზროვნებას უნერგავს თანაგუნდელებს, რაც ნიჭის გარდა, ასევე, მნიშვნელოვანია.

მისი შეთამაშება ბენ ოლდთან? დიახ, ყოველ მატჩთან ერთად უმჯობესდება. რაც უფრო მეტს ვარჯიშობენ ერთად, რაც უფრო მეტს თამაშობენ ერთად, მით უფრო მეტად ავითარებენ შეთამაშებას. ბევრი კომუნიკაციაა. მართალია, რომ ფლანგის მცველების წყვილები ახლა ყველა გუნდში მნიშვნელოვანია“, - თქვა მონტანიემ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს სამი გოლით ჩამორჩება. ზურიკოს ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.

"სენტ ეტიენი" 30 ტურის შემდეგ 57 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 18 აპრილს"ბასტიას" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173167