ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის 29-ე ტურში ალექს მერკვილაძის „ოსტენდემ“ „მეხელენს“ უმასპინძლა, რომელიც 94:66 დაამარცხა.
მასპინძლები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
მერკვილაძემ არასრულ 27 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ოსტენდე“ 22 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 აპრილს, ისევ „მეხელენს“ ესტუმრება.







