ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წუთითაც არ უფიქრია, რომ ფინალურ შეხვედრას წააგებდა.
„ძალიან რთული იყო, რადგან ჩემი ყველა მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი ძიუდოისტი იყო. ჯერ იუკო წავაგე, მაგრამ მაინც მოვახერხე, მეტოქე დავამარცხე და ევროპის ჩემპიონი გავხდი.
თავს ძლიერად ვგრძნობდი და ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ წავაგებდი. მინდა მადლობა გადავუხადო აქ მყოფ ყველა მაყურებელს, რადგან მათი წყალობით უკეთესი და ძლიერი ვიყავი. ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოდან პირველი ქალთა მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, პირველი ევროპის ჩემპიონი და იმედი მაქვს, ოლიმპიურ ოქროსაც მოვიგებ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ახლა პირველად ვარ ევროპის ჩემპიონი და კიდევ უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ ეს საქართველოში შევძელი“, - თქვა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.







