ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში ითამაშებს გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი". ქართველი კალათბურთელის გუნდმა "შარლოტ ჰორნეტსს" 31 ქულიანი სხვაობით, 121-90 აჯობა და მერვედფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე არასრული 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება დააგროვა. ბითაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
"ორლანდო" მერვედფინალში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონი მოიგო.
ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ რეგულარულ სეზონში 4-ჯერ ითამაშეს და სრული თანაფარდობაა: 2 მოგება და ამდენივე მარცხი. "ორლანდო" - "დეტროიტის" სერიის პირველი მატჩი 20 აპრილს შედგება.







