ძიუდო

14:52 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქროს შანსი მესამე დღეს - გრიგალაშვილი და მაისურაძე ფინალში გავიდნენ

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს საქართველოს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი აქვს. ქართული ფინალი 90 კგ წონით კატეგორიაში, რასაც ყველა ელოდა, არ შედგება, რადგან ლაშა ბექაური ნახევარფინალში დამარცხდა.

81 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიელი მაგამედ ბორჩაშვილი, ბერძენი არის ზარაგკასი, ფინელი ეეტუ იჰანამაკი და აზერბაიჯანელი ზელიმ ტცკაევი დაამარცხა. გრიგალაშვილი ფინალში რუს ტიმურ არბუზოვს შეხვდება.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა იტალიელ კომი კენი ბედელს, მოლდოველ მიჰაილ ლატისევს და ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან მარცხი განიცადა. შესაბამისად, ის ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე კი ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰამბუ იქნება.

ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ ისრაელელი რეემ ფრიდმანი, სერბი ისლამ სოგენოვი, ბულგარელი ივაილო ივანოვი და რუმინელი ალექს კრეტი დაჯაბნა და ფინალშია, სადაც სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება.

დღესვე, ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა პირველი შეხვედრა გერმანელ სამირა ბოკთან იპონით მოიგო, მაგრამ შემდეგ იტალიელ ირენ პედროტისთან დამარცხდა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ უნგრელ სოფი ოზბასთან განიცადა მარცხი და ორივემ ტურნირი უმედლოდ დაასრულა. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 2 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი) და 1 ვერცხლის მედალია (გიორგი სარდალაშვილი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090045