თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის ოქროს მედლით და საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
ევროპის ჩემპიონი მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა.
+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ფინალამდე კვიპროსელი იანის ანტონიუ, თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ და რუსი ვალერი ენდოვიცკი დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. თუშიშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 4 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი), 2 ვერცხლის (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალია (ილია სულამანიძე). საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, აჯობა საფრანგეთსა (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) და რუსეთს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).
აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი. ისიც სათქმელია, რომ ვაჟებში 7 წონითი კატეგორიიდან 5-ში ქართველი ფინალში იყო.







