საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „პარიზთან“ დამარცხდა, მაგრამ გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა - „მეცში“ და ლიგა 1-ში სადებიუტო, ისევე, როგორც ტოპლიგაში.
ქართველი ფორვარდი 30-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ზუსტად 45 წამში შესანიშნავი გოლით ანგარიში გაათანაბრა (1:1). მალევე, გიორგის დუბლის შეასრულება შეეძლო, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში „პარიზმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და 3:1 მოიგო.
ქვილითაიას „მეცში“ თამაშის შანსი 8 მარტის შემდეგ პირველად მიეცა, მას ექვს თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.
შეუცვლელად იყო მოედანზე გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ძალიან აქტიურობდა და თანაგუნდელთა შორის, გამორჩეულიც გახლდათ. გიორგის მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 30 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი აბუაშვილს, რომლის აქტივში 19 თამაში და 2 გოლია.
„მეცის“ მოუგებელი სერია გრძელდება, 15 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტაში დარჩენა მისთვის პრაქტიკულად სასწაული იქნება. მომდევნო ტურში ქართველების გუნდი 26 აპრილს, "ლე ავრს" ესტუმრება.





