ძიუდო

22:30 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი: "ვამაყობ, რომ ოქროს მედალი ჩემი ხალხის წინაშე მოვიგე"

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატის მესამედ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს კარიერაში მესამედ მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ეს განსაკუთრებული ევროპის ჩემპიონატი იყო, რადგან ის თბილისში ჩატარდა. ვამაყობ, რომ ოქროს მედლის მოპოვება აქ, თბილისში, ჩემი ხალხის, ქართველი მაყურებლის წინაშე მოვახერხე.

რა თქმა უნდა, მაშინ (2017 წელს) ახალგაზრდა ვიყავი და ახლა ცოტა დიდი ვარ, ამიტომ უფრო მეტად ვაფასებ გამარჯვებას და, ასე ვთქვათ, უფრო გემრიელია. უფრო გამოცდილი და უფრო მოწიფული ვარ. ვიცოდი, რომ საკმაოდ რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

მზად ვიყავი ბოლომდე მებრძოლა, რათა მომეგო. რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ბევრი ტიტული მოვიგე და ასევე წავაგე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი, მაგრამ ეს ნამდვილად ემოციური და განსაკუთრებული გამარჯვება იყო ჩემთვის. ჩემთვის ყველა მედალს თავისი ემოცია აქვს, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის - ეს ვიგრძენი და ყველაფერი გავაკეთე, რომ დღეს ყველა გამეხარებინეთ“, - თქვა თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 4 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი), 2 ვერცხლის (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალია (ილია სულამანიძე). საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, აჯობა საფრანგეთსა (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) და რუსეთს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი. ისიც სათქმელია, რომ ვაჟებში 7 წონითი კატეგორიიდან 5-ში ქართველი ფინალში იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161625