საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ სენსაციურად დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
„ლიონი“ მეექვსე წუთზე ენდრიკმა დააწინაურა, რასაც მალევე ალფონსო მორეირას გოლი მოჰყვა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. პირველ ტაიმში პსჟ-ს კარგი შანსი ჰქონდა გასატანად, მაგრამ გონსალო რამოშმა პენალტი ვერ შეაგდო.
ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ძალიან აქტიურად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე აქტიური იყო, რაც შესანიშნავი გოლით დაუფასდა: 94-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ ბადეში აღმოჩნდა. თუმცა, ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა, პსჟ 1:2 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 24 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 41 შეხვედრაში 14 გოლი და 9 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ 63 ქულით ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს „ლანსს“, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს ლუის ენრიკეს გუნდი 22 აპრილს, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.
პსჟ-სთვის კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი ვიტინიას ტრავმაა, რომელიც პირველ ტაიმში შესაცვლელი გახდა. რამდენად სერიოზულია დაზიანება, მოგვიანებით გაირკვევა.





