„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, შემადგენლობაში როტაცია მომდევნო მატჩებშიც გაგრძელდება, რადგან უახლოეს ერთ თვეში პსჟ-ს კალენდარი ძალიან გადატვირთულია:
„ლიონმა“ პირველი-ორი შანსით ორი გოლი გაიტანა. გვესმოდა, რომ რთული თამაში იქნებოდა. 23 დარტყმა გვქონდა და პენალტიც ვერ გავიტანეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თამაში შეგვეცვალა, მაგრამ რთული იყო. მათ ხუთი დარტყმიდან ორი გოლი გაიტანეს. მომწონს „ლიონის“ თამაშის სტილი, მათი ფეხბურთელები, მწვრთნელი. ერთადერთი კარგი ის არის, რომ ბოლო დარტყმით გავიტანეთ გოლი. ახლა ყოველ სამ დღეში ვითამაშებთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ და სათამაშო დრო ყველას უნდა მივცეთ, რადგან ეს არის გამოსავალი, როდესაც ყოველ სამ დღეში თამაშობ.
არც კარგი ამბავია და არც ცუდი, რომ ლიგა 1-ში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა. უბრალოდ, ასეთია საფრანგეთის ჩემპიონატი, კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია და ბოლომდე რთული იქნება.
26 დღეში 9 თამაშს ვითამაშებთ. ეს გუნდურად, ყველა ფეხბურთელით უნდა გადავლახოთ. ექვსი ცვლილება განვახორციელეთ და ასე იქნება მომავალ მატჩებშიც. თუ ამას ვერ გაიგებ, ესე იგი, არაფერს გაიგებ. 26 დღეში ცხრა მატჩი! რა ვქნათ? ადვილია ამის კითხვა წაგების შემდეგ, მაგრამ ჩვენი მიზანი ორივე ტურნირის მოგებაა და ძალები უნდა გადავანაწილოთ.
ვიტინია? დადებითი არასდროსაა ტრავმის გამო ფეხბურთელის შეცვლა. ხვალ სამედიცინო გამოკვლევის პასუხს დაველოდებით“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ 63 ქულით ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს „ლანსს“, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს ლუის ენრიკეს გუნდი 22 აპრილს, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.





