„იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა „აძურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის იდეალურ კანდიდატად დაასახელა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე წარუმატებლობის შემდეგ, ბონუჩიმ განაცხადა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს სრული რეფორმა სჭირდება.
„მთავარია იტალიური ფეხბურთის სრულად აღდგენა. ჩვენ გვჭირდება გამბედაობა, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მსოფლიოს პატივისცემა დავიბრუნოთ. ისევ ის შესანიშნავი გუნდი გავხდეთ, როგორიც უწინ ვიყავით. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები - მათ დრო უნდა მივცეთ დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. დრო ერთადერთი ნამდვილი სასწაულმოქმედი წამალია. და თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, მაშინ პეპი ამისთვის შესაფერისი ადამიანია. ძნელია, მაგრამ ოცნება უფასოა“, - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Footmercato.





