„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ძალიან რთული თამაში იქნება და თუ ვინმე „პარკ დე პრენსზე“ მარტივი თამაშის სახავად აპირებს მისვლას, ეს უნდა დაივიწყოს:
„ლიონს“ ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა და ამის შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა. ვცადეთ ფრე მაინც თამაში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროა, რადგან ჩემპიონატის მოსაგებად ქულები გვჭირდება.
ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით მოთამაშეების ფიზიკური მომზადების დონე. ადვილია იმის თქმა, რომ ყველაზე ძლიერი თერთმეტეულით ვთამაშობთ, მაგრამ სეზონის ბოლოს ტრავმები და დაღლილობაა. ჩემი და პერსონალის საქმეა, რომ ყველა მატჩისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ. ვიტინიას მცირე ტრავმა აქვს, ნუნუ მენდეში გაუმჯობესდა, მაგრამ ის ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ზოგიერთი მოთამაშე ცოტა დაღლილია ან ტკივილები აქვს...
როდესაც სეზონის დასრულებამდე ხუთი ან ათი მატჩია დარჩენილი, რთულია. გუნდები, რომლებიც სირთულეებს განიცდიან, ლიგა 1-ში დარჩენის ბოლო შანსებს იყენებენ, ამიტომ მათთან თამაში უფრო რთულია. პრობლემების მქონე გუნდებთან მატჩების ჩატარება ძალიან რთულია. გასულ სეზონში „ნანტთან“ შინ ფრედ ვითამაშეთ. ეს ყოველთვის რთულია. გვინდა შედეგის მიღწევა, მაგრამ 4:0 ან 5:0 მოგება ადვილი არ არის. ოთხშაბათს, ისევე როგორც „ლიონის“ წინააღმდეგ, სირთულეები იქნება, ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. „ლიონის“ წინააღმდეგ, როდესაც ორი გოლით ვაგებდით, გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში მღეროდნენ. მშვენიერია ამ ატმოსფეროს ხილვა და იმედი მაქვს, რომ ისინი გააგრძელებენ გუნდის დახმარებას, შედეგის მიუხედავად.
როდესაც „ლიონი“ ორ გოლს სწრაფად იტანს, ყველაფერი უფრო რთულია. ხვალ ძალიან რთული იქნება. თუ ვინმე ხვალ „პარკ დე პრენსზე“ ელის, რომ კოკა-კოლას დასალევად და საჭმელად წავა, ეს უნდა დაივიწყოს! ძალიან რთული იქნება. თუ მარტივ მატჩს ელი, უნდა დაივიწყო“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „ლანსს“ ერთი ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.





