21 აპრილს ბათუმში სასტუმრო ,,იბისი სთაილ ბათუმში“ გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია და ბათუმის ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა და ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა უჩა აბრამიშვილმა. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის ფინალური ეტაპის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია. ფესტივალის ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს უმასპინძლებს ბათუმი. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია - ბათუმის ბულვარში.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები, რომელიც ხორციელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით და ორგანიზებით. ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
წყარო - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი







