ტურინის „იუვენტუსი“ „ლივერპულიდან“ ალისონ ბეკერის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება.
წყაროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულთან“ ალისონის კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ერთი წლით ავტომატურად განახლდა, ბრაზილიელი მეკარე „იუვეს“ უკვე დათანხმდა და იტალიურ კლუბთან მზადაა 2 ან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. პედულას ცნობით, ალისონს სურს „ლივერპულის“ დატოვება, რადგან ინგლისურ კლუბში მომავალში აქცენტის გაკეთებას გიორგი მამარდაშვილზე აპირებენ. ასე რომ, ეს გარიგება თუ შედგა, მომდევნო სეზონში ქართველი მეკარე დიდი ალბათობით, „ლივერპულში“ პირველი ნომერი გახდება.
ლუჩანო სპალეტის გუნდში გამოცდილი მეკარის ყოლა სურს, ალისონს კი, ის კარგად იცნობს, რადგან მასთან „რომაში“ უკვე მუშაობდა. ბრაზილიელი მეკარის თანხმობის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ „იუვე“ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს უახლოეს ხანში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ალისონი „ლივერპულს“ 2018 წელს იტალიური „რომადან“ შეუერთდა.





