„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ადგილობრივ გამოცემა Le Progress-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ სეზონიდან სეზონამდე უმატებს და იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი ექნება.
„კარგი სეზონია ჩემთვის და გუნდისთვის - მეორე ადგილზე ვართ.
ბუნებრივია, შეტევების დასრულება შემიძლია და ამაზე ყოველი ვარჯიშის ბოლოს ვმუშაობ, რაც აშკარად მეხმარება გაუმჯობესებაში და ეს მოედანზეც ჩანს. გონებრივადაც უფრო იოლი ხდება კარგად დარტყმა და შეტევების დასრულება.
მონტანიესთან მუშაობა? არ ვიტყოდი, რომ ნაკლებად დავრბივარ, მაგრამ უფრო ეფექტური ვარ. ახლა შეტევა ცოტა უფრო ადვილია, რადგან თამაშის დროს თითოეულმა მოთამაშემ იცის თავისი პოზიცია, ამიტომ ენერგიას მეტად სწორად ვხარჯავ. მონტანიესთან ჩემთვის ტაქტიკურად თამაში უფრო ადვილია, რადგან მარცხენა ფლანგზე ვარ და ვიცი, როდის მიწევს დაცვა და სად უნდა შევუტიო ბურთით.
ვფიქრობ, ყოველ სეზონში პატარა დეტალებში უკეთ გამოვიყურები. საფრანგეთში გადმოსვლის შემდეგ, ყოველ ჯერზე გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობაში პროგრესი მაქვს. იმედია, მომავალი სეზონი კიდევ უკეთესი იქნება (იღიმის)“, - თქვა ზურიკომ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მეორე ადგილს „ლე მანთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „ტრუას“ კი, რომელსაც 25 აპრილს უმასპინძლებს, 4 ქულით ჩამორჩება.





