ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი გაათავისუფლეს. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
როსენიორს არ აპატიეს პრემიერლიგაში ზედიზედ ხუთი წაგება, თანაც უგოლოდ. ბოლო წვეთი ხელმძღვანელობისთვის „ბრაიტონთან“ 0:3 მარცხი გამოდგა.
ლიამ როსენიორმა „ჩელსი“ 8 იანვარს ჩაიბარა, როცა ენცო მარესკა დაითხოვეს და კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა. მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტისა, ლონდონურ კლუბთან ურთიერთობა ოთხ თვესაც ვერ გაგრძელდა... მანამდე ინგლისელი წარმატებით „სტრასბურში“ მუშაობდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და „ჩელსის“ შეუერთდა...
„ჩელსის“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დროებით კალუმ მაკფერლაინი უხელმძღვანელებს, ხოლო ზაფხულში „არისტოკრატები“ ახალ მწვრთნელს დანიშნავენ.
„ჩელსი“, რომელმაც 114 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ 5 თამაში უგოლოდ, პრემიერლიგაში 48 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ნოტინგემს“ შეხვდება.





