„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში „ნანტი“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. სხვათა შორის, ეს იყო მისი პირველი პენალტი პსჟ-ში. პირველ ტაიმში დეზირე დუემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 50-ე წუთზე კი, კვარამ დუბლი გაიფორმა, როცა მცველი ეფექტურად მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. მალევე, მას ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ შეტევა ზუსტად ვეღარ დაასრულა. კვარამ ლიგა 1-ში ბოლო ორ მატჩში სამჯერ გაიტანა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა 66-ე წუთზე შეცვალა, რაც გასაგებია, რადგან პსჟ-ს წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებიც ელოდება. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 4 ქულით გაასწრო, სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტური რჩება, თუმცა, პსჟ-სა და „ლანსს“ ხუთ-ხუთი მატჩი დარჩათ სათამაშო, რადგან მათი დაპირისპირებაც გადადებულია. პარიზელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ანჟერს“ ესტუმრებიან.





