ფეხბურთი

15:07 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "გვჭირდება გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს მაშინვე დაეხმარებიან"
"ჩემთვის "დინამოში" დაბრუნება დიდი პატივია, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია"

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია ოფიციალურად წარადგინეს, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, გუნდს გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელებით სჭირდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ „დინამოს“ დიდება დაუბრუნოს.

„რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, რომან ფიფიას, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა, ვიმუშავო გუნდში, სადაც დიდი ხანი, როგორც ფეხბურთელმა ვითამაშე და 35 წლის მერე, როგორც მწვრთნელი ვბრუნდები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი საქმეა, რადგან დინამო საქართველოში პირველი გუნდია. შეიძლება ახლა გუნდში პრობლემებია, მაგრამ ამის აღმოსაფხვრელად მოვედით, რომ გავაკეთოთ საქმე. დინამო ყოველთვის იყო, იქნება და პირველი გუნდი. ყველა ბავშვის და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნატვრაა დინამოში თამაში, ჩვენ დროს ასე იყო და იმედია, ახლაც ასეა. ამ გუნდს ყველანაირი პირობები აქვს, რომ ტიტულებისთვის იბრძოლოს. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხვდება, დროა საჭირო. ამ გუნდს სჭირდება გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭებს უფრო დაეხმარებიან, რომ მათაც მიაღწიონ დიდ მიღწევებს და ითამაშონ ევროტურნირებზე. სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ევროტურნირებზე მოხვედრა. ამაზე ბევრია საფიქრალი, ბევრია გასაკეთებელი. იმედია, ისეთ გუნდს გავაკეთებთ, რომელიც იბრძოლებს ევროთასებზე მოსახვედრად. დინამო ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე და დიდი პატივია დაბრუნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს გუნდი დაუბრუნდეს იმ წარმატებებს, რომლებიც წარსულში ჰქონდა.

არავის გვიხარია, რომ დინამო მერვე ადგილზეა, მაგრამ გვინდა სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ერთ-ორ დღეში არ მოხდება. საჭიროა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან. პრეზიდენტისგან მხარდაჭერა გვაქვს, რომ გუნდი გავაძლიეროთ. სამწუხაროა, რომ დინამო ასეთ ულამაზეს სტადიონზე თამაშობს, ამხელა სტადიონზე და გულშემატკივრები ტრიბუნაზე არ არიან. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში კარგი არავისთვისაა, ამიტომ, გვინდა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებს დაეხმარონ.

გუნდში ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც უკვე მზად არიან და გუნდს ეგრევე დაეხმარებიან. ზაფხულამდე თვენახევარია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატოთ.

ვინც მოვა გუნდში, ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვა. გვეყოლება კანდიდატები, რომლებსაც განვიხილავთ. ვენდობით ხალხს, ვინც ამ საქმეში მუშაობს. რა თქმა უნდა, მინდა, ისეთი ფეხბურთელები დავიმატო, რომლებსაც ვიცნობ და ვიცი, რომ დაგვეხმარებიან. მაგრამ მთავარია, ისეთი ფეხბურთელები დავიმატოთ, რომლებიც დინამოს ნამდვილად გააძლიერებენ.

დინამო ყველაზე ტიტულოვანი გუნდია საქართველოში, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ევროთასი აქვს მოგებული და გვინდა, დიდება დავუბრუნოთ. ეს სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ ასე არ იქნება, გასაკეთებლად, ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება გამოცდილი ფეხბურთელები. არ არის დღეს გუნდი კარგ მდგომარეობაში. გვაქვს კომუნიკაცია პრეზიდენტთან, ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ ამას დღეს ვერ გავაკეთებთ, უნდა დაველოდოთ, მანამდე ბევრი გვაქვს სამუშაო. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მაგრამ მათაც სჭირდებათ გამოცდილი ფეხბურთელები. ეს ერთ თვეში ერ გაკეთდება, ამიტომაც გავაფორმეთ სამწლიანი კონტრაქტი, რათა ამ სამ წელში გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. თუ გაკეთდება, თუ არადა, სხვას მოუწევს ამის გაკეთება. თუმცა, გვჯერა, რომ ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ საჭიროა დრო.

მოლაპარაკებები დღეს არ დაწყებულა, შევხვდით ცოტა ხნის წინ კვიპროსში, გვქონდა შეხვედრა. მადლობა რომან ფიფიას, რომ „დინამოს“ საიუბილეო მაისური მაჩუქა, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. „დინამო“ 100 წლის გახდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. მაშინვე გვქონდა ლაპარაკი, მანამდეც გვილაპარაკია, მაგრამ თვითონ გუნდის პრეზიდენტი არ იყო მზად, რომ ის, რასაც, მე როგორც მწვრთნელი და „დინამოს“ გულშემატკივარი ითხოვს, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო. ახლა გვქონდა დადებითი საუბარი. იმედი გვაქვს, რომ ყველანაირი პირობები შეიქმნება, რომ „დინამო“ დაუბრუნდეს წარმატებებს, რადგან არავის უხარია გუნდის ამ სიტუაციაში ყოფნა. ამიტომაა სამწლიანი კონტრაქტი, რომ ამ დროში გავაკეთოთ ის გუნდი, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს, რომელიც ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლებს. სამწუხაროდ, დღეს ეს სიტუაცია არ არის, მაგრამ ყველა წინაპირობაა, რომ ამის გაკეთება შეიძლება. დაპირება არასდროს მიყვარს, თუმცა, ყველაფერს ვიზამ. თუ შევძლებთ, კარგი იქნება, თუ არადა, სხვა გააკეთებს.

სამწუხაროა, რომ ეროვნული ლიგა ასეთ დღეშია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის საუკეთესო დონეზე იქნება. 30 წელია ევროტურნირებზე გამოვდივართ და ერთხელ გავედით 20 წლის წინ ჯგუფში. პრობლემები არის, ჩემპიონატი არ არის იმ დონეზე, რომელზეც გვინდა. ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელები უცხოურ კლუბებში მიდიან, აქ არავინ ჩერდება, რადგან დონეც არ არის, რაც უნდა იყოს და ფინანსურადაც არ არის იმის საშუალება, რომ დიდი ფული გადაუხადო ფეხბურთელებს, რომლებიც აქ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ კარგ გუნდში მიდის, კარგია, მაგრამ ზოგჯერ ფულის გამო ფეხბურთელები ისეთ გუნდებში მიდიან, რომ - ესაა სამწუხარო. თუ არ გაქვს ფინანსური საშუალება, ძალიან ძნელია კარგი გუნდის გაკეთება, ბევრი რამ ფულზეა დამოკიდებული. გვჭირდება, რომ ეროვნული ლიგა გაძლიერდეს, რაც ნაკრებისთვის კარგი იქნება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებში თითქმის არავინაა საქართველოს ჩემპიონატიდან, რაც ასევე ცუდია. იმედია, ეს სიტუაცია გამოსწორდება.

სამწუხაროა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დადის, ტელევიზია ფულს არ იხდის - საიდან უნდა ჰქონდეს გუნდს შემოსავალი? როდემდე უნდა გადაიხადოს ერთმა კაცმა ფული? საიდან უნდა მოვიდეს ის თანხა, რომ მარტო ერთ კაცს არ მოუწიოს გუნდის დაფინანსება. გულშემატკივრის პრობლემა მარტო თბილისშია, რაიონებში ხალხი დადის, იმდენი არა, რამდენიც შეიძლება იყოს, მაგრამ თბილისთან შედარებით დადის. ძალიან ძნელია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომელსაც ამ დროს გულშემატკივრის დახმარება. ვიცით, რომ არ არის საუკეთესო დონე, მაგრამ მოვიდეს გულშემატკივარი და დონეზე მერე გამოთქვას პრეტენზია, თორემ ტელევიზორიდან კრიტიკა ყველას შეუძლია. გულშემატკივარმა სტადიონიდან თავის გუნდს უქომოგოს, ეს ნორმალური პროცესია. მინახავს უცხოეთში უფრო დაბალი დონის ფეხბურთელი, მაგრამ სტადიონი სავსეა. 30 წელია ვიძახით ამ პრობლემაზე და ეს დროც არ დამთავრდა.

„დინამოში“ პირველად რომ მოვედი, სხვა რეალობა იყო, საბჭოთა კავშირი. მაშინ დინამო იყო ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საოცნებო, როგორც ახლა საქართველოს ნაკრებში თამაშია, ყველა საუკეთესო ფეხბურთელი დინამოში ხვდებოდა, ყველა აქ მოდიოდა. მაშინ, ახალგაზრდა, 19 წლის ბიჭი ვიყავი და ავისრულე ჩემი ნატვრა, რომ დინამოში მოვხვედრილიყავი და გავიზარდე აქ, როგორც ფეხბურთელი. მივაღწიეს კარგ ჩემპიონატებში თამაშის მიზანსაც. მქონდა რაღაც სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ როცა დავილაპარაკეთ, მეც რაღაცნაირი სურვილი გამიჩნდა, რომ თუ რამე შემეძლება, ეს გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო. მქონდა რომან ფიფიასთან საუბრი და მაქვს თანხმობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საჭირო და საკმარისი ფეხბურთელები დავიმატოთ. დინამო პირველი გუნდია ისტორიით, მიღწევებით, არა მარტო საქართველოშია გამორჩეული, არამედ, ევროპაშიც და აქ მსოფლიო დონის ფეხბურთელებსაც უთამაშიათ. გვქონდა გეგმებზე საუბარი, ეს ერთია, მეორე რისი გაკეთება შეგვიძლია. მე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი მხოლოდ წლევანდელ სეზონს, ამიტომ გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თამაშები რომ ვნახე, უკეთეს შედეგებსაც იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. როცა საქმე კარგად არ მიდის, პირველი ჯოხი მწვრთნელზე ტყდება, ეს მეც ბევრჯერ მაქვს გამოცდილი, ახალი არაფერია. რა თქმა უნდა, ამ სეზონზე ხელი არ გვაქვს ჩაქნეული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. დინამო ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდეს და ევროტურნირებზე ჯგუფში მოსახვედრად. იმედია, დადგება ის დრო, როცა დავინახავთ ამ სტადიონს სავსეს დინამოს თამაშებზე, როგორც ნაკრების თამაშებზე ხდება. ამ ულამაზეს ქალაქს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თბილისი, ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქია და რაც ამ ქალაქს აკლია, ეს არის ფეხბურთი. სახლში ჯდომა და კრიტიკა, ადვილია, მაგრამ როცა სტადიონზე მოხვალ, მერე უკვე შეგიძლია კრიტიკა, თორემ, ახალგაზრდა ფეხბურთელი ცარიელ სტადიონზე რომ თამაშობს, ეს კარგი არაა. ვთხოვ, გულშემატკივარს მოვიდეს სტადიონზე და გუნდს გვერდში დაუდგეს.

თორნიკე კვარაცხელიას დაწინაურება? ნაადრევი არ არის, გვქონდა ამაზე ლაპარაკი. ორი დღეა გუნდში ვართ, ჯერ კიდევ ყველაფერი ვერ მოვაგვარე, გვექნება ამის დრო. ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის ნიჭიერია, რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ ვათამაშებთ, მაგრამ 16-17 წლის ფეხბურთელი, თუ მზადაა, ასაკს არ ვუყურებ. როცა ფეხბურთელი ნიჭიერია, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოსტატობა უფრო მეტად გაიზარდოს. გვაქვს ამის მაგალითები. როგორც ხვიჩა კვარაცხელია და სხვები არიან საზღვარგარეთ, რომლებიც კარგად თამაშობენ, ამის შემდეგ ინტერესი გაიზარდა, უცხოელები დაინტერესდნენ ქართველი ფეხბურთელებით, რაც კარგია ნაკრებისთვის, ჩემპიონატისთვის და ყველასთვის კარგია.

ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს განათხოვრებული და დავაკვირდებით მათაც, თუ ისინი გაგვაძლიერებენ, მათზეც ვიფიქრებთ. არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, თუ ჩავთვლით, რომ გუნდს გააძლიერებენ, ვეცდებით დავიმატოთ. რაც უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი გვეყოლება ამ ახალგაზრდებთან ერთად, უფრო კარგი იქნება, რომ გუნდმა ჩემპიონობა და თასი მოიგოს, ევროტურნირებზე გავიდეს, ეს არის მთავარი მიზანი და თუ იქნება, პარალელურად ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების საშუალებაც, მივესალმებით, გუნდისთვის ეს ფინანსურად მომგებიანიც იქნება. თუმცა, ის არ არის ჩვენი მიზანი, რომ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები გავზარდოთ, გვჭირდება შედეგის მიღწევა, ესაა პირველი მიზანი და ამიტომ, გამოცდილებიც გვჭირდება.

მინდა, რაღაც გავაკეთო ამ გუნდისთვის და გულშემატკივრის გახარებას ყველანაირად ვეცდები, რომ გავაკეთოთ ის, რასაც ეს გუნდი ისტორიულად იმსახურებს. თუ შევატყობ, რომ ეს არ გამომდის, კონტრაქტის ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა - ერთ წელი იქნება თუ ორი - წავალ. ღმერთმა არ ქნას ეს მოხდეს. ყველაფერს ვეცდებით, დროა საჭირო, სამწუხაროა, გუნდის ასეთ დღეში ნახვა, ეს არავის უხარია, ყველანაირად ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ. მიზნები ბევრია, ბევრ რამეზე ვოცნებობთ და იმედია, ამას ახლო მომავალში მოვახერხებთ“, - განაცხადა ქეცბაიამ.

თემურ ქეცბაია „დინამო თბილისში“ 1987-1992 წლებში თამაშობდა, შესაბამისად, გუნდში 34 წლის შემდეგ დაბრუნდა.

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, „აპოელში“, „აეკში“, „ორენბურგში“, საქართველოს ნაკრებსა და კვიპროსის ნაკრებში უმუშავია. „დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიითაა, 8 ტურში ერთადერთხელ მოიგო და 8 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა. ქეცბაიას დებიუტი 25 აპრილს, წყალტუბოს „სამგურალთან“ საგარეო მატჩში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.141235