ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც დღეს 5 ქართველი მოჭიდავე გამოვიდა და ხუთივე მათგანს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა მოლდოველ იონ ბულგარუს 11:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამავე ანგარიშით აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვთან დამარცხდა. ხვალ ის ბრინჯაოსთვის არიან ტიუტრინს შეხვდება.
97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი ოსმან ბურმაგომედოვი 3:2 და პოლონელი ზბიგნევ ბარანოვსკი 2:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში სლოვაკ ბატირბეკ ცაკულოვთან 1:12 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
65 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ზაქაშვილმა ალბანელ ისლამ დუდაევთან 1:3 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და ხვალ ქართველი რეპეშაჟში თურქ აჰმეტ დუმანს შეხვდება, რათა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლოს.
70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ბელგიემ მუჰამედ აბდურახმანოვს 11:0 სძლია, შემდეგ დავიდ ბაევთან 3:11 წააგო და ის ფინალში გავიდა. ქართველიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს და რეპეშაჟში გეორგ კოლიევს გაეჯიბრება.
79 კგ წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილმა ბულგარელ აიკან სამირ სეიდს აჯობა, შემდეგ მაჰამედხაბიბ კაჯიმაჰამდეუსთან 10:11 დამარცხდა, რომელიც ფინალშია და გაფრინდაშვილი ხვალ რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას, მისი პირველი მეტოქე კი ჩრდილომაკედონელი რასულ შაპიევი იქნება.
25 აპრილს ასპარეზობაში ჩაერთვებიან გიორგი გონიაშვილი (61 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც საქართველომ 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.







