რაგბი

0:02 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

crocobet დიდი 10 | ფინალის წინა პრესკონფერენცია

2025/26 წლის crocobet დიდი 10-ის ფინალში, 25 აპრილს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ‘ბათუმი’ და ქუთაისის ‘არესი’ შეიბმებიან.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’, მშობლიურ ქალაქში ტიტულის დაცვასთან ერთად, თასის მოპოვებას მეექვსედ ეცდება, ‘არესი’ კი ფინალს პირველად თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ჩემპიონს ახალი თასი გადაეცემა, რომელის დიზაინერიც ქართული რაგბის მეგობარი ნიკა ხვედელიძეა.

ფინალური მატჩის წინ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს.

დავით გუგუშვილი (‘ბათუმის’ მწვრთნელი): „დაძაბული შესარჩევი ფინალის შემდეგ, რომელშიც ‘არესი’ დავამარცხეთ, რეაბილიტაციის და ტრავმების მოშუშების საშუალება გვქონდა. ამავდროულად, იმ პრობლემებზე ვიმუშავეთ, რომლებიც განვლილმა შეხვედრამ დაგვანახა. ველოდებოდით ვინ იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე ფინალში და ბოლო კვირა მთლიანად მის შესწავლას დავუთმეთ. ვიმუშავეთ იმ უპირატესობებზე, რომლის გამოყენებასაც ვეცდებით“.

„ვეცდებით ‘არესს’ ბურთის მოპოვების წყაროები შევუზღუდოთ: დერეფანში, სტატიკაში, მიწაზე და ა.შ. ველოდებით რთულ და უშეღავათო ბრძოლას. დარწმუნებული ვარ ორივე გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება. ვინც მეტად მოითმენს და მდგრადი იქნება, გამარჯვებაც მას დარჩება“.

ვანო ფუტკარაძე (‘ბათუმის’ კაპიტანი): „ფინალური თამაშის საკუთარ მოედანზე ჩატარება დიდი პასუხისმგებლობაა. გვაქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი სტადიონზე მრავლად იქნება და ეს გარკვეული უპირატესობაა. მაქსიმალურად ვეცდებით რომ თასი ბათუმში დავტოვოთ“.

სერგო ფრუიძე (‘არესის’ მთავარი მწვრთნელი): „ეს ერთი კვირა ძირითადად დასვენებას დავუთმეთ. ‘ბათუმს’ კარგად ვიცნობთ, ამიტომ აქცენტი აღდგენაზე გავაკეთეთ და კარგ ფორმაში ვართ. ‘აიასთან’ დაძაბული თამაში გვქონდა და რეაბილიტაცია გვჭირდებოდა. ვფიქრობ, მზად ვართ, რომ ფინალში ღირსეულად წარვსდგეთ. გვაქვს მიკრო-ტრავმები, მაგრამ ეს ჩვენს თამაშზე არ იმოქმედებს“.

„მეტოქე ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატში, რომელიც თითქმის ყოველ წელს ფინალს თამაშობს. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ თასი დაიტოვონ. მათ გამოკვეთილი სუსტი წერტილები არ აქვთ, ამიტომ აქცენტი მენტალურ მდგრადობაზე გავაკეთეთ. 80 წუთის განმავლობაში დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა იქნება და ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მენტალურად უფრო მდგრადი აღმოჩნდება“.

არსენ მაჩალაძე (‘არესის’ კაპიტანი): „გუნდში იდეალური, საბრძოლო განწყობაა,ზუსტად ისეთი, როგორიც ფინალს შეესაბამება. დამერწმუნეთ, ფინალში ‘არესი’ თავის სათქმელს იტყვის. ფინალში თამაში ჩვენთვის „უცხო ხილია“, თუმცა ამ თასს ჩვენ დავეუფლებით!“

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170518