ფეხბურთი

19:23 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი ბუნდესლიგაში, "ჰაიდენჰაიმის" მოგება და შენარჩუნებული შანსი

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ელიტაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.

ქართველი ფორვარდი სეზონის ბოლოს შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ბოლო სამ ტურში მოედნიდან უგოლოდ არ გასულა.

„ზანკტ პაულისთან“ მატჩში ბუდუმ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როცა კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს და 2:0 მოიგეს.

ბუდუ ზივზივაძემ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მესამე, რადგან წინა ტურში „ფრაიბურგის“ კარი დალაშქრა, იქამდე, „უნიონსაც“ გაუტანა. კარიერაში მას ბუნდესლიგაში 6 გოლი აქვს, 4 მიმდინარე (17 მატჩში) და 2 გასულ სეზონში (ასევე 17 მატჩში, ოღონდ, შარშან 3 საგოლე პასიც ჰქონდა).

„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ პლეი-აუტის ზონაში მყოფ „ზანკტ პაულის“ 4 ქულით ჩამორჩება და თეოირულ შანსს ისევ ინარჩუნებს. მომდევნო ტურში ფრანკ შმიდტის გუნდი 2 მაისს, „ბაიერნს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.055512