თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე აკაკი ქემერტელიძემ და გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქემერტელიძემ (70 კგ) ჯერ რეპეშაჟში 4:0 მოუგო რუს გეორგი კოლიევს, ხოლო შემდეგ მედლისთვის ბრძოლაში ასევე 4:0 აჯობა უკრაინელ ოლექსი ბორუტას.
მაჭარაშვილმა (97 კგ) მედლისთვის შეხვედრაში უნგრელი რიჩარდ ვეგი 5:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა რობერტ დინგაშვილი (57 კგ), რომელმაც არიან ტიუტრითან ვერაფერი გააწყო (3:8), ხოლო რეპეშაჟში წააგეს თავიანთი შეხვედრები ნიკა ზაქაშვილმა (65 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ).
საქართველოს მონაგარი 2 ბრინჯაოს მედალია, ჩემპიონატის ბოლო დღეს კი, კიდევ 3 ბრინჯაოს შანსი არსებობს, რომლისთვისაც გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იბრძოლებენ.
მანამდე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა, ოქროს მედალი ქართველებმა ვერც აქ მოიპოვეს.







