„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო. ეგვიპტელი ფეხბურთელი „კრისტალ პალასთან“ შეხვედრაში 59-ე წუთზე შეცვალეს.
არნე სლოტმა თქვა, რომ ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება:
„კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი ტრავმა, ეს ჩვენი სეზონის ისტორიაა. ვიცით, რამდენად რთულია მო სალაჰისთვის მოედნის ასე ნაადრევად დატოვება. ახლა შედეგებს უნდა დაველოდოთ, რომ გავიგოთ, რამდენად სერიოზულია ტრავმა. უბრალოდ არ ვიცით, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ სეზონი ოთხ კვირაში დასრულდება, ამიტომ ბევრი თამაში არ რჩება. რაც სალაჰის შესახებ ვიცი, ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში ის იმდენად კარგად ზრუნავდა საკუთარ სხეულზე, რომ ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებისთვის მინიმალური დრო დასჭირდება. საუკეთესოს იმედი ვიქონიოთ და ვიმედოვნოთ, რომ ის სეზონის ბოლო ნაწილში ხელმისაწვდომი იქნება“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰისთვის ეს ბოლო სეზონია „ლივერპულის“ მაისურით. „წითლებს“ სეზონის ბოლომდე ოთხი მატჩი დარჩათ გასამართი და თუ ის მანამდე დაბრუნებას ვერ მოასწრებს, შეიძლება „კრისტალ პალასთან“ მატჩი მისთვის ინგლისურ გუნდში ბოლო აღმოჩნდეს.





