მილანის პროკურატურამ მაურიციო აშონეს ხელმძღვანელობით იტალიის მსაჯთა კორპუსის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ჯანლუკა როკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როკის ამ ეტაპზე სამი ბრალდება წარედგინა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა „ინტერის“ მატჩებზე მილანური გუნდისთვის მისაღები მსაჯების დანიშვნაზე.
ერთ-ერთი ასეთი საეჭვო ფაქტია გასულ სეზონში, „ბოლონია“ – „ინტერის“ მატჩზე, როცა „ნერაძური“ „ნაპოლისთან“ ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში იყო, ანდრეა კოლომბოს დანიშვნა, რომელიც იტალიური მედიის ცნობით, „ინტერის“ „მისაღებ“ მსაჯებში შედის.
კიდევ ერთი ასეთი ფაქტიც გასული წლის აპრილს უკავშირდება, კერძოდ, იტალიის თასის ნახევარფინალში, „ინტერი“ – „მილანის“ მატჩზე დანიელე დოვერის დანიშვნას. დოვერი „ინტერის“ არასასურველ მსაჯებში ფიგურირებს, მაგრამ ვინაიდან მილანელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში უფრო მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდათ, დოვერის დანიშვნა თასის ნახევარფინალზე მოხდა, რათა მას შემდგომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მატჩები „ინტერის“ მონაწილეობით აღარ ემსაჯა.
კიდევ ერთი ბრალი როკის წარუდგინეს გასულ სეზონში „უდინეზე“ – „პარმას“ შეხვედრაში VAR-ის მსაჯებზე ზეწოლის გამო. ასევე, დაკვირვების ქვეშაა, 2024 წელს, „ინტერი“ – „ვერონას“ შეხვედრა, როცა ალესანდრო ბასტონის წითელი ბარათი არ უჩვენეს და იმავე მომენტში „ინტერის“ გოლი ჩაითვალა, რომელიც გამარჯვების მომტანი იყო.
გამოძიება დაიწყო ანდრეა ჯერვაზონის წინააღმდეგაც, რომელიც VAR-ის ხელმძღვანელია. 30 აპრილს, სასამართლოზე როკის პირველი მოსმენა ჩაინიშნა.
მან დღესვე დატოვა თანამდებობა და თქვა: „AIA-სთან შეთანხმებით და CAN-ის ჯგუფის საკეთილდღეოდ, რომელსაც სრული სიმშვიდით უნდა შეეძლოს ფუნქციონირება, გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ გადავდგე თანამდებობიდან. ეს მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე. მიზანია, რომ სასამართლო პროცესი სათანადოდ წარიმართოს, საიდანაც დარწმუნებული ვარ, რომ უვნებელი და უფრო ძლიერი გამოვალ“.
ჯერჯერობით, უცნობია, დაეკისრება ან დაემუქრება თუ არა, რაიმე სახის საფრთხე „ინტერს“ თუ როკის ბრალი დაუმტკიცდება. გამოძიება მხოლოდ საწყის ეტაპზეა.





