ფეხბურთი

23:45 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "იბერიას" აჯობა, "დილამ" ზედიზედ მესამედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ დამარცხდა.

გუგა ნერგაძის გუნდი უქულოდ „რუსთავის“ წინააღმდეგ დარჩა. მასპინძლები მე-15 წუთზე ავთანდილ გუჯაბიძის გოლით გავიდნენ წინ, რასაც მალევე ამირან ძაგანიამ უპასუხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები ვაჰიდ სელიმოვიჩის გაძევების გამო მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რითაც გია ცეცაძის გუნდმა ისარგებლა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლი იაკობიძემ გაიტანა და რუსთაველებმა 2:1 მოიგეს.

„რუსთავი“ 15 ქულით მესამეა და წინ „დილასთან“ მატჩი აქვს, ხოლო „იბერია“ 17 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს და „მეშახტეს“ შეხვდება.

გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - სტუმრად „სპაერი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მოჰამედ კანტემ გაიტანა. „დილამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა, 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „რუსთავს“ შეხვდება. „სპაერი“ 11 ქულით მეხუთეა და „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162899