ნიდერლანდების ჩემპიონატის 31-ე ტურში „ექსელსიორმა" საკუთარ მოედანზე "უნტრეხტი" 5:0 გაანადგურა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მასპინძელთა მხრიდან ერთი გოლის გატანა კი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა მოახერხა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 69-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში 4:0 გახადა. თავდაპირველად გოლი VAR-ზე თამაშგარე მდგომარეობის გამო მოწმდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ ირაკლიმ ნიდერლანდურ გამოცემას მოკლე ინტერვიუ მისცა.
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მოგებით ძალიან გახარებულები ვართ. ყველას გვინდა, რომ სასრუველ შედეგს მივაღწიოთ და ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, თავდაპირველად მსაჯმა გოლი არ ჩათვალა და ცოტათი დაბნეული ვიყავი, მაგრამ როდესაც VAR-მა ჩათვალა, ყველაფერმა ერთდროულად ამოხეთქა.
ძალიან ბევრი ემოცია და სიხარული განვიცადე. ჩემთვისაც და გუნდისთვისაც ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. გოლების გატანა ძალიან მიყვარს და დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს გავიტანე. ყველა ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს აკეთებს და შრომობს, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ვეცდებით მომდევნო მატჩიც ასეთი შემართებით ჩავატაროთ", - განაცხადა ირაკლიმ.
ირაკლის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ექსელსიორმა“, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 6 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო, შედეგად, 31 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში კი 2 მაისს, „გრონინგენს“ ესტუმრება.







