„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეტოქის შესახებ თქვა, რომ შესანიშნავი გუნდია, რომლის თამაშის ყურება სიამოვნებს.
თუმცა, ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ თამაშის ხარისიხთ პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ამჟამად არ არსებობს:
„ამ მომენტებით უნდა დავტკბე, რადგან არასდროს იცი, მომავალში განმეორდება თუ არა ასეთი მატჩი. ყველა ფეხბურთელი მზადაა, მოუთმენლად ელის ამ ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, რომელი გუნდია საუკეთესო. ყველა მწვრთნელი ცდილობს სეზონის ბოლო ნაწილში მისი გუნდი საუკეთესო ფორმაში ჰყავდეს. ყველა მოთამაშე მზადაა, კვენტინ ნჯანტუს გარდა. სწორედ ჩემპიონთა ლიგის მაგია აძლევთ მოტივაციას მოთამაშეებს. ძალიან კარგ მომენტში ვართ.
„ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელი მომწონს. ვენსან კომპანი უმაღლესი დონის მწვრთნელია, მან ეს ინგლისშიც აჩვენა. როდესაც მან „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა, მაშინვე დავინახეთ, როგორი გუნდი შექმნა. „ბაიერნი“ ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, რადგან ისინი ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ზოგადად, ყველა მწვრთნელი მომწონს, განსაკუთრებით კი შემტევი მწვრთნელები და ისიც ერთ-ერთი მათგანია.
ეს ევროპის ორი საუკეთესო გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ „არსენალსაც“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, „ბაიერნი“ შესაძლოა ცოტათი ჩვენზე წინ იყოს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი წააგეს. თუმცა, ჩვენი თამაშის მიხედვით, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს. რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვედრის შემდეგ, უკვე ვთქვი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს. თუ გამარჯვება გვინდა, დაცვაზე მეტად უნდა შევუტიოთ. ვიცით, რამდენად რთულია ეს. მაგრამ ლაპარაკი არ გვჭირდება, გამარჯვება გვინდა.
თამაშის ინტენსივობა, როგორც ბურთის ფლობისას, ასევე უბურთოდ ყოფნისას, გადამწყვეტია. იქნება მომენტები, როდესაც ბურთი არ გვექნება. ეს ატმოსფერო, რასაც შევეჩვიეთ, ყოველთვის გადამწყვეტია ასეთი ტიპის მატჩების მოსაგებად. მათ მოსაგებად, ძლიერი უნდა იყო როგორც სახლში, ასევე გასვლით მატჩებში. „ბაიერნს“ იგივეს გაკეთების უნარი აქვს. ყოველთვის ვავლენთ განსაკუთრებულ კავშირს ჩვენს გულშემატკივრებთან. ეს მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 28 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენთან“ ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება და 7 წაგება (ფრე ამ გუნდებში არასდროს დაფიქსირებულა).







