მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე თამაში ზეწოლა არ არის, არამედ პასუხისმგებლობაა და ფეხბურთში საბოლოოდ, ყველაფერს ფეხბურთელები წყვეტენ:
„ნორმალურია, რომ გულშემატკივრებმა კიდევ ერთ ნახევარფინალში განიცადონ ეს ემოციები. არაჩვეულებრივია, რომ „ატლეტიკო“ კვლავ ნახევარფინალშია, მეოთხედ ბოლო 14 წლის განმავლობაში... ჩვენი გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო ძალიან კარგად გამოგვადგება.
შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ აი, აქ ვართ. ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე? ოცნება კარგია, მაგრამ რეალობა ისაა, რაც დედამიწაზე ხდება და რაც ღმერთს სურს. ზეწოლა? ეს არ არის ზეწოლა, ეს პასუხისმგებლობაა. ეს არის უზარმაზარი მიზანი, რომელსაც კლუბმა ვერასდროს მიაღწია. ეს არის საფეხბურთო მატჩი და საბოლოოდ, სწორედ ფეხბურთელები წყვეტენ ამ მატჩების ბედს“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ მატჩი 29 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.







