ფეხბურთი

0:59 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი, რეკორდი და საფეხბურთო ზეიმი პარიზში
"პარი სენ-ჟერმენმა" "ბაიერნი" გიჟურ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტის როლი ჰქონდა და ორი გოლიც გაიტანა.

საოცარი თამაში რომ იქნებოდა, ეს ისედაც ნათელი იყო: ორივე გუნდს 38-38 გოლი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, რაც საუკეთესო შედეგი იყო და მონაგარი ძალიან გაამდიდრეს.

„ბაიერნმა“ შედარებით უკეთ დაიწყო, პსჟ-ს საწყის წუთებში გაუჭირდა და ლოგიკური იყო, რომ ვენსან კომპანის გუნდი დაწინაურდა. მე-17 წუთზე მიუნხენელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია - 0:1.

ლუის ენრიკეს გუნდს თამაში არ ჰქონდა, ძალიან გაუჭირდა „ბაიერნის“ მაღალ და აგრესიულ პრესინგთან, მაგრამ სწორედ ამ დროს, არაფრიდან გოლი შექმნა - კვარამ ჩვეულ სტილში, შორეულ ძელთან იდეალურად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა. პარიზელებმა კვარას გოლით მუხტი მიიღეს და მალევე დაწინაურდნენ. 9 წუთში ჟოაო ნევეშმა გაიტანა, რომელმაც თავით დალაშქრა მეტოქის კარი.

აშკარა იყო, პირველი ტაიმიც კი, ასე არ დასრულდებოდა. „რეკორდმაისტერმა“ სწრაფად გაათანაბრა. მაიკლ ოლისე, რომლის გაჩერება მანამდე ყველას უჭირდა, სივრცე მიიღო და ზუსტად დაარტყა. პსჟ-მ ტაიმი მაინც მოიგო: ბოლო წუთზე პარიზელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც გოლად უსმან დემბელემ აქცია და 3:2.

პსჟ გახდა პირველი გუნდი 2014 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანა. ბოლოს იგივე „რეალმა“ გააკეთა და მისი მეტოქეც „ბაიერნი“ იყო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ ტაიმში 5 გოლი პირველად გავიდა...

მეორე ტაიმის სტარტი „ბაიერნისთვის“ კოშმარული გამოდგა, პარიზელებისთვის - ფანტასტიკური. 56-ე წუთზე ვიტიანიმ სტუმართა ნახევარდაცვა და დაცვა გაჭრა, აშრაფ ჰაკიმი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და საჯარიმოში პასი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და დუბლი შეასრულა - 4:2. კვარას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა, რაც დიდებული შედეგია.

ზუსტად ორ წუთში პსჟ-მ კიდევ ერთხელ გაიტანა. ამჯერად დუბლი დემბელემ შეასრულა, რომელმაც ნოიერს ჭკვიანური დარტყმით შანსი არ დაუტოვა და 5:2. ეს კაპიტულაციას ნიშნავდა, პსჟ-სთან ამ ანგარიშსა და სცენარში ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა, მაგრამ არა „ბაიერნი“, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათი. მაშინ, როცა კომპანის გუნდი განწირული ჩანდა, ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა.

65-ე წუთზე დიაო უპამეკანომ ახლო მანძილიდან გაიტანა, იოზუა კიმიხის მიერ შესანიშნავად შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ხოლო სამ წუთში ლუის დიასმა იმოქმედა დიდებულად და გაათანაბრა. კოლუმბიელი თანაგუნდელთა შორის ალბათ საუკეთესო იყო და გოლიც დაიმსახურა - 5:4.

რა თქმა უნდა, „ბაიერნმა“ ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო და ამის შემდეგ გაცილებით უკეთ თამაშობდა, პსჟ-ს აშკარად გაუჭირდა და ლუის ენრიკემ კორექტირების შეტანა ცვლილებებით სცადა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. თუმცა, პსჟ-ს ერთი შანსი მიეცა - სენი მაიულუს დარტყმის შემდეგ „ბაიერნი“ ძელმა იხსნა. სამაგიეროდ, ბოლო კომპენსირებულ წუთზე ვილიამ პაჩომ პსჟ გადაარჩინა, როცა ბურთი ცარიელ კარიდან გამოიტანა. საბოლოოდ, საოცარი თამაში, რომელიც ისტორიაში დარჩება „პარი სენ-ჟერმენმა“ 5:4 მოიგო და მცირე უპირატესობა შეიქმნა, მაგრამ მიუნხენში ჯოჯოხეთური წუთები რომ ელოდება, ეს ნათელია. ასეთ საფეხბურთო სპექტაკლში კვარაცხელიას გამორჩეული ადგილი ჰქონდა - დუბლით.

კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ რეკორდსმენი გახდა: ისაა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 5 საგოლე პასი). კვარამ უსმან დემბელეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 6 საგოლე პასი).

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ბაიერნი“ 5:4 (3:2)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (ერნანდესი 84); ზაირ-ემერი (ფაბიან რუისი 64), ვიტინია, ნევეში; დუე (ბარკოლა 70), დემბელე, კვარაცხელია (მაიულუ 84)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; შტანიშიჩი, უპამეკანო, ტაა, დევისი (ლაიმერი 46); კიმიხი, პავლოვიჩი (ჯექსონი 90); ოლისე, მუსიალა (გორეცკა 79), დიასი; კეინი

მწვრთნელი: ვენსან კომპანი

გოლები: 0:1 კეინი (17, პენ), 1:1 კვარაცხელია (24), 2:1 ნევეში (33), 2:2 ოლისე (41), 3:2 დემბელე (45, პენ), 4:2 კვარაცხელია (56), 5:2 დემბელე (58), 5:3 უპამეკანო (65), 5:4 დიასი (68)

გაფრთხილება: მარკინიოსი (12), ფაბიან რუისი (77), ჰაკიმი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სანდრო შერერი (შვეციარია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089941