„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩის შემდეგ ფრანგულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (5:4) დიდი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ უეფასგან განსხვავებით, რომელმაც საუკეთესოდ უსმან დემბელე დაასახელა, ფრანგულმა პრესამ ყველაზე კარგი ქულით ქართველი შეაფასა:
Foot Mercato 8 ქულა: „ბაიერნის“ დაცვას, კერძოდ კი სტანიშიჩს, უამრავი პრობლემა შეუქმნა. რთული სტარტის შემდეგ პსჟ თამაშში დააბრუნა. მისი დამახასიათებელი დაბალი, შორეულ კუთხეში დარტყმით გატანილი გოლის წყალობით, პსჟ-მ გაათანაბრა, სანამ ჰაკიმის პასით უპირატესობას გააორმაგებდა. ბარძაყის ტრავმის საშიშროების მიუხედავად, ქართველი მოედანზე დარჩა და დაცვაში ძალიან ძლიერად ითამაშა“.
90 MIN 9 ქულა: „რა ფეხბურთელია, რა ტალანტი. ვარსკვლავურ ღამეს ერთი მათგანი სხვებზე მეტად ბრწყინავდა. ხვიჩა კვარაცხელიას რეპუტაცია აქვს, რომ მატჩებს თვითონ ირჩევს. თუმცა, როდესაც ასეთი კალიბრის მატჩში დუბლის შესრულება შეგიძლია, იცი, რომ გასაოცარი ფეხბურთელი ხარ. მეორე ტაიმში სისწრაფით უპამეკანო უმწეოდ დატოვა და შეეძლო პენალტი მოეპოვებინა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დაცვითი წვლილის ხსენების გარეშეც კი“.
Onzemondial 9 ქულა: „შემადგენლობების გამოცხადებისას თითქმის იგივე ოვაციები მიიღო, რაც დემბელემ. შემდეგ კიდევ ერთი ოვაცია მოჰყვა შესანიშნავ ინდივიდუალურ თამაშს, როცა ნოიერს შორეულ კუთხეში გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ბარძაყის ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაშის გაგრძელება შეძლო. ის მუდმივად აწუხებდა ბაიერნის მცველებს, სანამ დუბლი არ შეასრულა“.
Maxi foot 8.5 ქულა: „ჩემპიონთა ლიგის საღამოებზე ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალებას აგრძელებს. პარი სენ-ჟერმენის გარემარბმა შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით ანგარიში გაათანაბრა. უნაკლო შრომისმოყვარეობით მან თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა. ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ დუბლიც შეასრულა“.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.
„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.







