ფეხბურთი

10:40 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: "კვარაცხელია მხოლოდ კარგი მოთამაშე არ არის, ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის"
“არსენალის” ადგილზე რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი მის მოსაყვანად"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა მიმომხილველმა ტიერი ანრიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. როგორც ანრი ამბობს, ხვიჩა მხოლოდ კარგი მოთამაშე არ არის, არამედ ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის.

“მისმინეთ, ეს ბიჭი სერიოზულია. ძალიან სერიოზული. როცა მას ვუყურებ, ვხედავ გამბედაობას, ინტელექტს, პიროვნებას. ის შიშის გარეშე თამაშობს. მას სურს ბურთი რთულ მომენტებში, სურს მეტოქეების მოტყუება, სურს პასუხისმგებლობის აღება. ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მხოლოდ მის ტექნიკურ უნარებზე საუბრობს, მაგრამ უფრო ღრმად ჩაიხედეთ. მისი “თაიმინგი”, მოძრაობა, ის, თუ როგორ იწევს ცენტრისკენ, როგორ უქმნის სივრცეს სხვებს, როგორ აპრესინგებს და მუშაობს ბურთის გარეშე. მას ფეხბურთი ესმის.

მას შეუძლია მოატყუოს ერთი, ორი, ხანდახან სამი კაციც. შეუძლია გაიტანოს, გააკეთოს ასისტი, აიძულოს მეტოქე დაჯარიმდეს, შეცვალოს მატჩის რიტმი. როდესაც თამაში ჩაკეტილია, მწვრთნელები სწორედ ასეთ მოთამაშეებს უყურებენ და ეუბნებიან: “წადი და გააკეთე რამე განსაკუთრებული”. სიმართლე თუ გინდათ, სწორედ ეს აკლია ხანდახან “არსენალს”. მათ აქვთ სტრუქტურა, აქვთ დისციპლინა, აქვთ ხარისხი, მაგრამ გარკვეულ მომენტებში მათ სჭირდებათ ვიღაც, ვისაც მეტოქის გეგმის მარტო განადგურება შეუძლია.

“არსენალის” ადგილზე რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი მის მოსაყვანად. ყველაფერს. იმიტომ, რომ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მაშინ შეუძლიათ, როცა ტაქტიკა საკმარისი აღარ არის.

კვარაცხელია უბრალოდ კარგი ფეხბურთელი არ არის. ის არის მოთამაშე, რომელიც ქმნის განსხვავებას. ის არის ადამიანი, რომელიც ტიტულებს გაგებინებს", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162401