საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევი ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებულია და მისთვის რეგულარული სეზონი დასრულებულია. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა peuple-vert.fr-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სამედიცინო დასკვნის პასუხებმა აჩვენა, რომ დავითაშვილს მყესები აქვს გაჭიმული და სავარაუდოდ, ორი კვირით უქმობა მოუწევს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ "სენტ ეტიენს" ლიგა2-ში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება გუნდის ლიდერის გარეშე მოუწევს.
საფრანგეთის ლიგა2-ის სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და სწორედ ამ ორ შეხვედრაში გადაწყდება, მოახერხებს თუ არა ზურიკოს გუნდი ლიგა1-ში აღზვებას პირდაპირ. იმ შემთხვევაში თუ "სენტ ეტიენი" მესამე ადგილზე დაასრულებს სეზონს, მათ პლეი-ოფში თამაში მოუწევთ.
ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა ბოლო ტურში "ტროასთან" მატჩში მიიღო და მოედნის დატოვება მე-16 წუთზე მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, „ლე მანს“ ერთი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ლიგა 1-ში გადასასვლელი არ არის, მხოლოდ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 2 მაისს, „როდეზს“ ესტუმრებიან.





