იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელია დიეგო მარადონას შემდეგ, რომელსაც ოდესმე „ნაპოლიში“ უთამაშია.
ამ თემაზე დებატები Sky Sport-ის სტუდიაში გაიმართა, რომელშიც ალესანდრო დელ პიერო და ალესანდრო კოსტაკურტაც მონაწილეობდნენ. კონდოს ისინიც ეთანხმებიან.
თუმცა, მანამდე ხვიჩას შესახებ იმავე გადაცემაში ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ყველაზე კარგი, რაც ლუის ენრიკემ გააკეთა ის არის, რომ გარდაქმნა ფეხბურთელი, რომელსაც ჰქონდა დიდი რაღაცების კეთების პოტენციალი, მაგრამ ყველა თავისი თვისება გამოავლენინა. კერძოდ? ხვიჩას კაცის მოტყუების უნარი მანამდეც ჰქონდა, მაგრამ იტალიურ ფეხბურთში გარკვეულწილად, ნელ ტემპში მუშაობდა, რადგან ჩვენთან ასეა, ტემპი ნეალია. ახლა ის მთელი თამაშის განმავლობაში დარბის, ბურთის დაბრუნებაზე მუშაობს, ყველა მომენტში კონცენტრირებულია, მეტოქისთვის სახიფათოა და გულუხვი ფეხბურთელია, როგორიც “ნაპოლიში” არ იყო. დაცვაში ასე სისტემატურად არ ბრუნდებოდა, ამდენს არ დარბოდა“.
"ჩემი აზრით, ფაბიომ იდეალურად აღწერა ბოლოს კვარას ნაკლოვანებები, მაგრამ „ნაპოლის“ პირველი სეზონის კვარა, როდესაც სკუდეტო მოიგო, გასაოცარი ფეხბურთელი და ლიდერი იყო", - აღნიშნა პაოლო კონდომ, რომელიც საუბარში ჩაერთო.
შემდეგ ისევ კაპელომ განაგრძო: "პაოლო, ის გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, კვარა კი მოედნის ბოლო 30 მეტრში შეუჩერებელი იყო, მაგრამ შემდეგ, ზოგჯერ დაცვის დახმარების სურვილი არ ეტყობოდა, ზოგჯერ კი, მაგრამ არა ყოველთვის, როგორც ახლა“.
დებატი ისევ კონდომ განაგრძო: „თამაშის დროს კოსტაკურტასთან ვსაუბრობდი, რომ აღარაა სახალისო კვარადონას მეტსახელი. ჩემი აზრით და ვფიქრობ, ბილიც მეტ-ნაკლებად მეთანხმება (კი - პასუხობს კოსტაკურტა), მარადონას შემდეგ, ის ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ვისაც ნაპოლიში უთამაშია და ეს კლუბი გაუვლია“.
ამის შემდეგ უკვე დიალოგში ალესანდრო დელ პიერო ერთვება: "ნაპოლიში“ იგუაინიც იყო, ასევე კარეკა, ალემაო, ბანი, კიდევ სხვებიც, რომლებიც ხსენებას იმსახურებენ, თუმცა - დიახ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.





